რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ოთხი რეგიონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ოდესის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის რეგიონის წინააღმდეგ რუსმა სამხედროებმა ათეულობით უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს. ეს არის ზედიზედ მეხუთე თავდასხმა ოდესის რეგიონზე. დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები, ადმინისტრაციული შენობა, არიან დაშავებულები.
სუმის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაშავდა ორი ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ქალაქ კრივოი როგზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.
ზაპოროჟიეში გამთენიისას რუსმა სამხედროებმა რაიონულ ცენტრში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს.