რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - რუსეთმა შეიძლება, მიზანში ამოიღოს დასავლეთის კომერციული თანამგზავრები, თუ მათ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთის კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, მოსკოვისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს იქცეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთმა შეიძლება, მიზანში ამოიღოს კომერციული თანამგზავრები, თუ მათ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ.
მისივე თქმით, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ „კოსმოსში განთავსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომერციულის, შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოყენება სახიფათო ტენდენციაა“.
„კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება, გახდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე. დასავლეთის ქმედებები კოსმოსში მშვიდობიანი საქმიანობისთვის და ასევე დედამიწაზე მრავალი სოციალ-ეკონომიკური პროცესებისთვის, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, და პირველ ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელ რისკებს აჩენს“, – განაცხადა ვორონცოვმა.