რუსეთის საგარეო უწყება - ყარაბაღში მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სისხლისღვრა, საომარი მოქმედებები და გამორიცხონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
რუსეთის საგარეო უწყება - ყარაბაღში მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სისხლისღვრა, საომარი მოქმედებები და გამორიცხონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

ყარაბაღში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სისხლისღვრა, საომარი მოქმედებები და გამორიცხონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, –  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარების საკითხზე „რადიკალური გავლენა იქონია ერევნის მიერ 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის მაისში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტებზე მთიანის ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარებამ“.

„ამან შეცვალა ფუნდამენტური პირობები, რომლითაც ხელი მოეწერა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებას, ისევე როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პოზიცია“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ სამშვიდობო ძალებმა კოორდინაცია გაუწიეს ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებას და ასევე წვლილი შეიტანეს აზერბაიჯანსა და სტეპანაკერტს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებაში.

„ახლა მთავარია, მხარეები დაბრუნდნენ სამმხრივი შეთანხმებების შესრულების უმაღლეს დონეზე, რომელიც ასახავს ყველა ნაბიჯს ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, შეწყდეს შეიარაღებული დაპირისპირება და ყველაფერი გაკეთდეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.