რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მე-60 რაუნდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მე-60 რაუნდის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადასტურდა საერთო განწყობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ეს რჩება „სოხუმი-თბილისი-ცხინვალის“ სამკუთხედში კონფლიქტის შემდგომი ურთიერთობების აღდგენის ერთადერთ საერთაშორისო შეთანხმებულ ფორმატად.

„რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ალტერნატივა არ აქვს საქართველოს მუდმივ პირდაპირ დიალოგს აფხაზურ და სამხრეთოსურ მხარეებთან არსებული მოლაპარაკების მექანიზმების ფარგლებში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, ძირითადი ძალისხმევა უნდა კონცენტრირდეს ჭეშმარიტად პრიორიტეტულ ამოცანებზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ამ რესპუბლიკების მიმართ, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებით, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებით და მათი შემდგომი დემარკაციით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამ მიზნების აქტუალობა იზრდება „შავი ზღის რეგიონში აშშ-სა და ნატო-ს პროვოკაციული ქმედებების ფონზე, სამხედრო-საწვრთნელი ქმედებების გააქტიურების და ალიანსის შემდგომი გაფართოების გეგმების განხორციელების ჩათვლით, მათ შორის მის შემადგენლობაში საქართველოს მიღების“.

„ფიქსირდება სერიოზული რისკები რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ჩათვლით, ვაშინგტონის და ბლოკის სხვა წევრი ქვეყნების სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობა, ასევე ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების დახმარება ევროკავშირის ე.წ. „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“, – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობამ დაადასტურა ადგილზე ზოგადად მშვიდი და პროგნოზირებადი სიტუაციის შენარჩუნება.

„ამას მნიშვნელოვნად ხელს უწყობს კავშირის სააბონენტო პუნქტების, კერძოდ, „ცხელი ხაზების“ და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მდგრადი ფუნქციონირება. რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების მიზნების შესაბამისი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე, გალში ანალოგიური მექანიზმის მუშაობის განახლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რუსული მხარე ჰუმანიტარული მიმართულებით შემაფერხებლად მიიჩნევს საქართველოს მიერ გარო-ს გენერალურ ასამბლეაში ყოველწლიურად წარდგენილ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება პოლიტიზებულს უწოდებს.

„სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებისთვის აღნიშნულ პრობლემაზე მათი ეროვნული პოზიციების წარსადგენად ნიუ იორკის პლატფორმაზე წვდომაზე უარი თქმა ობიექტურად ზღუდავს შესაძლებლობებს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხის კონსტრუქციული განხილვა მოხდეს“, – აღნიშნავს ლავროვის უწყება.

რუსული მხარის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება დისკუსიების მორიგი რაუნდის 2024 წლის ივნისში გამართვის შესახებ.