რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ყურადღების ფოკუსში აღმოჩნდა საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის მიმდებარედ წნელისის რაიონში დაძაბულობის გამწვავება, რაც პროვოცირებული იყო თბილისის გადაწყვეტილებით, განეთავსებინათ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს აღნიშნული სოფლის უშუალო სიახლოვეს ქართული პოლიციის პოსტი. ამან აიძულა ცხინვალი, მიეღო საპასუხო ზომები, მათ შორის საკუთარი ბლოკპოსტის აღმართვა და საქართველოსთან საზღვრის დროებითი ჩაკეტვა. გამოვთქვით ჩვენი მიდგომა სიტუაციის დარეგულირებისადმი. მოვუწოდეთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავებულობა, ასევე გადადგან ნაბიჯები დეესკალაციისთვის არსებული მოსალაპარაკებელი მექანიზმების ფარგლებში პირდაპირი დიალოგის გამოყენებით. ასეთმა პოზიციამ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის გაგება და მხარდაჭერა ჰპოვა”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა მხარემ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთად აქცენტი გააკეთა ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების შესათანხმებლად ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობაზე. რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული განცხადების შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
განცხადებაში საუბარია ასევე საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე.
„ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატო-ში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის მილიტარიზაციის გაგრძელებაზე, მის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნების რეგულარულ ჩატარებაზე. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ამ პროცესებს ვაფასებთ რეგიონული სტაბილურობის ძირისგამომთხრელად“, – წერია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ყველა მონაწილემ, ქართული დელეგაციის გამოკლებით, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვრებზე, წნელისისა და სხვა პრობლემური მონაკვეთების გარდა, სიტუაცია ზოგადად სტაბილურად აღიარა.
„აფხაზურმა მხარემ მონაწილეებს საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით მანამდე დაწესებული დროებითი შეზღუდვების გაუქმების შესახებ აცნობა”, – აღნიშნულია ასევე განცხადებაში.
ამასთან, რუსული მხარის ცნობით, ჟენევის დისკუსიების 49-ე რაუნდის ყველა მონაწილემ ერთხმად დაუჭირა მხარი არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას, მათ შორის „საზღვრების გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების, ადამიანებს შორის კონტაქტების შემსუბუქების, უგზო-უკვლოდ დაკარგულების ძებნის”.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.