რუსეთის საგარეო უწყება - სომხეთის ხელმძღვანელობა შეცდომას უშვებს, როცა გაცნობიერებულად ცდილობს, ჩამოანგრიოს რუსეთ-სომხეთის კავშირები და ქვეყანას დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად აქცევს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობს, შიდა და საგარეო პოლიტიკაში ჩავარდნები რუსეთს გადააბრალოს.
„ფაშინიანის ბოლო სენტენციები ადასტურებს ჩვენს ადრინდელ დასკვნებს იმის შესახებ, რომ დასავლეთის მიერ ინსპირირებული და ოფიციალური ერევნის მიერ წახალისებული, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი მოკავშირული ურთიერთობებისთვის დესტრუქციული პროცესები ატარებს არა ეპიზოდურ, არამედ სისტემურ ხასიათს. ფაშინიანმა არსებითად დაადასტურა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკას გაცნობიერებულად ამზადებდნენ რუსეთისთვის ზურგის შესაქცევად. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ქმედებები, რომლებიც მიმართულია სომხეთის განვითარებისთვის ახალი, დასავლური ვექტორის მიცემისკენ, არადამჯერებლად არის გამართლებული ვითომდა რუსეთის ფედერაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მიერ დაშვებული შეცდომებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე განცხადებაში რუსეთი სომხეთის მთავრობას ადანაშაულებს სომხურ მედიაში გავრცელებულ „ანტირუსულ ვაკხანალიაში“.
„დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, ჩამოანგრიოს რუსეთისა და სომხეთის მრავალწახნაგოვანი და მრავალსაუკონოვანი კავშირები და ქვეყანას აქცევს დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ამერიკელ სენატორთან, გარი პიტერსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“.