რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-სთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-სთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

ვაშინგტონი არ არის მზად, უარი თქვას დესტაბილიზაციურ კურსზე, რომელიც მიმართულია აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის უპირატესი მდგომარეობის შექმნისკენ, რაც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე ხდება, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილ წერილში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გაასაჯაროვა.

„ვაშინგტონმა არ უარყო კონტრპროდუქტიული და დესტაბილიზაციური კურსი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის უპირატესი მდგომარეობის შექმნას რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე. სწორედ ეს ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცის, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის, გეოსტრატეგიული და სამხედრო ათვისების შეუჩერებელი და არაფრით შეზღუდული კურსის რეალიზაციას და ამაში აშშ წამყვან როლს თამაშობს.  ეს რუსეთისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათს ატარებს.  ეს ყველაფრი ხდება უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან“, – ნათქვამია დოკუმენტში, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საპასუხო წერილი რუსეთში შეერთებული შტატების ელჩს ჯონ სალივანს გადასცა.

„ვაცხადებთ, რომ უსაფრთხობის გარანტიების შესახებ რუსული მხარის მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტის ძირითად ელემენტებზე ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარი ეხება ნატო-ს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას, „ბუქარესტის ფორმულის“ გაუქმებას, რომლის მიხედვით „უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან“, ასევე, იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნაზე უარის თქმას, რომლებიც მანამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ და ალიანსის წევრებს არ წარმოადგენენ, მათ შორის უარის თქმას სამხედრო აქტივობის განსახორციელებლად ამ ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული შესაძლებლობების გამოყენებაზე.

აგრეთვე, წერილში საუბარია, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას.

„ამერიკული მხარის მხრიდან მზადყოფნის არარსებობას, მოხდეს შეთანხმება მტკიცე, იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი უსაფრთხოება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

რუსული მედიის ცნობებით, დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში „არანაირი შეჭრა“ არ არის და არ იგეგმება.

„ბრალდებები „ესკალაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობის თაობაზე“ შეიძლება, ჩაითვალოს მხოლოდ ზეწოლის და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წარმოდგენილი წინადადებების გაუფასურების მცდელობად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზაციის ფონზე, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით დიალოგი მოითხოვა.

ასეთ გარანტიებს შორის მოსკოვმა დაასახელა იურიდიული ვალდებულება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. ამ პირობის შესრულებაზე დასავლეთმა უარი თქვა და საპასუხო მოთხოვნები გაუგზავნა მოსკოვს. აშშ-მა რუსეთისთვის სხვა მოთხოვნებთან ერთად, საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანაც დაასახელა.