რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ აღნიშნა რეგულარული რაუნდების არამოტივირებული გაუქმებისა და გადადების გზით ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების დაუშვებლობის მნიშვნელობა. აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში გაჭიანურებულმა პაუზებმა, შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება პოლიტიკური დიალოგის ბლოკირების ინიციატორებს. რუსული დელეგაციის ამ პოზიციას დაეთანხმნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლები.
„ცალკე აქცენტი გაკეთდა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობების გაგრძელებაზე, გადაიტანონ უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში კონფრონტაციის ლოგიკა, რაც გამოიხატება თბილისისკენ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება კმაყოფილებით აღნიშნავს საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის განწყობას, გააგრძელონ თავშეკავებულობის გამოვლენა.
„შედეგად, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა რაიონში ვითარება შედარებით მშვიდი რჩება. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. ჟენევის პლატფორმის მუშაობაში პაუზის მიუხედავად, შესაძლებელი იყო დიალოგის შენარჩუნება მოლაპარაკებების სხვა ხაზებით, მათ შორის „ცხელი ხაზებით“ და ერგნეთის დასახლებაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. დღის წესრიგში დგას ანალოგიური მექანიზმის ფუნქციონირების აღდგენა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გალის დასახლებაში. სოხუმის შესაბამისი კონსტრუქციული წინადადებები რჩება მოლაპარაკებების მაგიდაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსული მხარის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში რეალური წვლილი შეიძლება იყოს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება, ასევე, ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება. რუსეთის სამინისტროს განცხადებით, ამ ამოცანების შესრულება მოსკოვის, ასევე სეპარატისტული რეჟიმების მთავარ პრიორიტეტად რჩება.