რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპი გულღია და კეთილგანწყობილი ადამიანია, რომელთანაც შესაძლებელია სხვადასხვა თემაზე საუბარი
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპი გულღია და კეთილგანწყობილი ადამიანია, რომელთანაც შესაძლებელია სხვადასხვა თემაზე საუბარი.
როგორც მედვედევმა ჟურნალისტებს განუცხადა, დონალდ ტრამპს ის მანილაში „ასეანის“ სამიტის ფარგლებში გამართულ ვახშამზე შეხვდა.
„მე ასეთ ღონისძიებაზე პირველად შევხვდი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპი პრაქტიკულად ჩემს გვერდით იჯდა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
რუსეთის პრემიერის თქმით, მან და დონალდ ტრამპმა რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების ისტორია განიხილეს და მეორე მსოფლიო ომზე ისაუბრეს.
ამავე დროს, რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები დეგრადაციას განიცდის და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა. მისი თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, რუსეთი არა მხოლოდ ოპონენტად, არამედ მტრად გამოაცხადა. ამავე დროს, მედვედევის თქმით, აშშ-ი რუსეთს რთულ გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. რუსეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არათანმიმდევრული პოზიციაა.
გასულ კვირას ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ღონისძიების კულუარებში მოკლე არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.