გია ვოლსკი - მედვედევის მუქარას გარკვეული მიზანი აქვს, ამ მიზნის შესასრულებლად „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა ზედგამოჭრილი იყო, როგორც ჩანს, მომავალშიც ასე აპირებენ მოქმედებას
გია ვოლსკი - მედვედევის მუქარას გარკვეული მიზანი აქვს, ამ მიზნის შესასრულებლად „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა ზედგამოჭრილი იყო, როგორც ჩანს, მომავალშიც ასე აპირებენ მოქმედებას

მედვედევი იმუქრება, რასაც გარკვეული მიზანი აქვს. ამ მიზნის შესასრულებლად „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა ზედგამოჭრილი იყო და, როგორც ჩანს, მომავალშიც ასე აპირებენ საქმიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, დიმიტრი მედვედევი მუქარის შემცველ განცხადებებს ომის დაწყების წინ აკეთებდა და ამერიკა და ევროკავშირი სააკაშვილს ურჩევდნენ, მათთან ერთად შემუშავებული სტრატეგია განევითარებინა. გია ვოლსკის განმარტებით, სააკაშვილმა ეს დაარღვია და მედვედევის მუქარაც რეალობად იქცა.

„ეს არის ფაქტი, რომელსაც მოჰყვა ის, რომ რუსეთის მართებულობას ხელი მოაწერეს. დღეს ეს მუქარა ძალაშია, რუსეთისთვის ეს ტერიტორიები სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რათა თავის დიდ ბრძოლაში დაუპირისპირდეს იმ დიდ ძალას, რომლის წიაღშიც ჩვენ ვართ და რაც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. ეს არის რეალობა, რომელშიც სწორად მოქცევაა საჭირო და არა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომლებსაც ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც მუდმივად, 2006 წლიდან მოყოლებული ინტენსიურ ნაბიჯებს დგამდნენ, რათა რუსეთს თავისი სტრატეგიული გეგმები აესრულებინა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ინტრიგა, რომელიც მუდმივად არსებობს და მედიასაშუალებებშიც ამ რაკურსით იხილება საკითხი. ამერიკიდან, ვაშიგნტონიდან არაერთი გაფრთხილება გაგვიგია და ყველაფერი იგნორირებული იყო. დღეს ეს ხალხი შეგროვდა და უნდათ, რომ ერთი რეალობიდან გადაგვიყვანონ მეორეში, თითქოს მმართველ პოლიტიკურ გუნდში რაღაც რუსული თემა პრივალირებს. მედვედევი იმუქრება, რასაც გარკვეული მიზანი აქვს. ამ მიზნის შესასრულებლად „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა ზედგამოჭრილი იყო და, როგორც ჩანს, მომავალშიც ასე აპირებენ საქმიანობას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია, ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“.