რუსეთის პატრიარქის პრესმდივანი - მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილება კატასტროფულ ზიანს მიაყენებს მართლმადიდებელ მორწმუნეებს უკრაინაში
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილება კატასტროფულ ზიანს მიაყენებს, პირველ რიგში, მართლმადიდებელ მორწმუნეებს უკრაინაში, – ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის პრესმდივანმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.
„ვითარება, რომელსაც ახლა შევეჯახეთ, აბსოლუტურად უპრეცედენტოა და აბსოლუტურად ყველასთვის ახალია. ეს სრული განხეთქილებაა ტრადიციებთან და საეკლესიო ცხოვრებასთან და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც კონსტანტინოპოლი იღებს, კატასტროფულ ზიანს მიაყენებს პირველ რიგში მართლმადიდებლებს უკრაინაში. ახლა დაიწყება რაღაც საშინელება”, – აცხადებს ვოლკოვი.
პატრიარქის პრესმდივანი ასევე აბსურდად აფასებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტისთვის და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნას.
ალექსანდრ ვოლკოვის განმარტებით, იმ დროს ჯერ კიდევ მიტროპოლიტი ფილარეტის ანათემაზე გადაცემა „იყო პასუხი იმ საშინელ არაეკლესიურ ქმედებაზე, რომელსაც ჯერ კიდევ მიტროპოლიტი ფილარეტი მაშინ სჩადიოდა, რათა უკრაინაში შეექმნა დამოუკიდებელი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურა”.
მისი აზრით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ფილარეტსა და მაკარიას თავის თანამოაზრეებად განიხილავს, პირებად, რომელთანაც უკრაინაში ახალი საეკლესიო სტრუქტურის შექმნისას საქმეს დაიჭერს.
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიის წინაშე წაიკითხა.
ამას გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლება ეძლეოდა, გაუქმებულად გამოცხადა.
მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.
ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. სტამბოლში იმყოფებოდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.