რუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ პიონჩანგის ოლიმპიადაში.
ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე დათანხმდნენ 2018 წლის ზამთრის თამაშებზე ნეიტრალური დროშით გამოსვლას.
სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობას იღებდა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალექსანდრ ჟუკოვი, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრები და სპორტსმენები.
ერთი დღით ადრე, რუსი სპორტსმენების კომისიამ შეადგინა განცხადება, რომელშიც ოლიმპიადაზე გამოსვლის სურვილი გამოთქვა. ამით, ათლეტები მომავალი თამაშების ბოიკოტის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები ჩამოაშორეს პიონჩანგის ოლიმპიადას. ზამთრის თამაშებზე დაშვებულნი არიან მხოლოდ “სუფთა” სპორტსმენები და ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოვლენ.