რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვენ
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება ე.წ. პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს.
„ქვეყნისთვის უბედურების მომტანი შედეგების თავიდან აცილების გამო, ცესკომ არჩევნების მეორე ტური შეუმდგარად უნდა გამოაცხადოს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადების ხელმომწერები ამბობენ, „არჩევნების შედეგები კონსტიტუციის დარღვევით გამოცხადდა“.
„ცესკო უნდა დაემორჩილოს კონსტიტუციის მეცხრამეტე მუხლს, რომელშიც კანდიდატის პრეზიდენტად არჩევის მექანიზმი მკაფიოდაა გაწერილი. ამ მუხლის მიხედვით, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მეორე ტურში უნდა დააგროვოს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, იმ პირობით, რომ კანდიდატისთვის მიცემული ხმები უნდა აღემატებოდეს მის წინააღმდეგ მიცემულ ხმებს. ამ განმარტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ამის გათვალისწინებით და ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, ვაცხადებთ, რომ მეორე ტურში არცერთმა კანდიდატმა არ დააგროვა პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები“, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ე.წ. პოლიტიკური პარტია „ამცახარა“, „ერთიანი აფხაზეთი“ „აფხაზეთის სახალხო ფრონტი“ და კიდევ ექვსი ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცესკომ გამარჯვებულად მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. ეს შედეგები „პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა“, ალხას კვიცინიამ არ აღიარა. გვიან ღამით, სოხუმში ე.წ. ცესკოს შენობასთან კვიცინიას მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. მოგვიანებით, კვიცინიამ მათ დაშლისკენ და დილამდე ტაიმ-აუტის აღებისკენ მოუწოდა. კვიცინია „არჩევნების“ შედეგების გასაჩივრებას აპირებს.