რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში სოფელი გროზა დაბომბეს, ვრცელდება ინფორმაცია, სულ მცირე, 48 დაღუპულის შესახებ
რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზა დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია, სულ მცირე, 48 დაღუპულის შესახებ.
შესაბამის ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ.
სინეგუბოვის ცნობით, დაბომბილია კაფე და მაღაზია, სადაც ბევრი მოქალაქე იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. დაღუპულთა შორის ექვსი წლის ბავშვია. დაშავებულია ასევე ექვსი ადამიანი, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ტერორი უნდა შეჩერდეს.
„საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული – სარაკეტო დარტყმები ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე აბსოლუტურად შეგნებული ტერაქტია. ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი. ამ დროის მდგომარეობით, ცნობილია 48-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. ჩემი სამძიმარი! დაშავებულები დახმარებას იღებენ, ტერორისტებს კი ვუპასუხებთ აბსოლუტურად სამართლიანად და მძლავრად. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს ამ დრომდე მხარს უჭერს, მხარს უჭერს ბოროტებას. მსგავსი ტერაქტები რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთისთვის, გახადოს თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად მთელი მსოფლიოსთვის. მე მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა ერის, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.