რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ უკრაინამ იცოდა ტყვეების გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, როგორ მოხდებოდა ტრანსპორტირება, თუმცა თვითმფრინავი სამი რაკეტით ჩამოაგდეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ილ-76 სამი რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან დუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„უკრაინის ხელმძღვანელობამ შესანიშნავად იცოდა დაგეგმილი გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, როგორ მოხდებოდა ტყვეების ტრანსპორტირება, თუმცა თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს Patriot-ის ან გერმანული წარმოების IRIS T-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სამი რაკეტით, სპეციალისტები გაერკვევიან“, – განაცხადა დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კარტაპოლოვის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე დატყვევებული უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. რუსი დეპუტატის მტკიცებით, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს უკან კიდევ ერთი „ილ-76“ მიჰყვებოდა, რომლის ბორტზე 80-მდე სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. როგორც კარტაპოლოვმა აღნიშნა, თვითმფრინავის უკან გაბრუნება მოასწრეს.
ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლითაც, რუსული მხარის ცნობით, გაცვლის მიზნით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა გეგმური ფრენის შესრულების დროს განიცადა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა.
ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადასტურებს, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმა გახდა.