რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები ამჯერადაც დატოვა
რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები ამჯერადაც დატოვა

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას ამჯერადაც დატოვა. ამის შესახებ ჟენევიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, „დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან“.

„დავიწყებ იმით, რომ ამ რაუნდზე, პირველ რიგში, გაგრძელდა დისკუსია აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა რეგიონში უსაფრთხოების გარანტირება. რუსულმა მხარემ და ჩვენმა მოკავშირეებმა, აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი შეთავაზების აქტუალობა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ხელშეკრულების აუცილებლობის შესახებ.

ჩემი აზრით, ეს არის მთავარი თემა, რომელიც უნდა იყოს განხილული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. რაც შეეხება დევნილთა დაბრუნების საკითხს, ვფიქრობთ, თემა უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. იმ რეზოლუციებს, რომლებიც ქართულ მხარეს გააქვს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, აქვს ცალმხრივი პოლიტიზიტებული ხასიათი და არ ასახავს თანაბარუფლებიან რეალობას, რაც მთავარია, განხილვებში არ მონაწილეობენ აფხაზეთისა და ოსეთის წარმომადგენლები. ეს უსამართლობაა და უნდა შეიცვალოს. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ამ ტექსტების გატანას შეწყვეტს. იძულებული ვარ, განგიმარტოთ, რომ არ მივიჩნევთ ოკუპირებულებად აფხაზეთსა და ოსეთს, ეს ორი რეგიონი გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, რუსეთი მათ ასე აღიარებს. საქმე იმაშიც არ არის, ვინ აღიარებს ამას, თავად ეს რესპუბლიკები აღიარებენ თავს დამოუკიდებლებად. რაც შეეხება ამ თემებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო სასამართლოები ბოლო დროს არ გამოირჩევიან მიუკერძოებლობით და, სამწუხაროდ, ანტირუსული მიმართულება აქვთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს არ აღვიქვამთ ობიექტურად და ადეკვატურად, ისინი პოლიტიზებული და პროდასავლურია. საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტიელები კი იმ სასამართლოებს ეკუთვნით, რომლებსაც ჩვენ არაობუექტურებად მივიჩნევთ“, – განაცხადა მიხეილ გალუზინმა.