რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, უკრაინა აშშ-ისგან დახმარების მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითხოვს
რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, უკრაინა აშშ-ისგან დახმარების მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითხოვს

რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან დახმარების მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი უკრაინისთვის 756 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, საიდანაც 400 მილიონი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს. კულებას თქმით, უკრაინის მიზანი აშშ-ის მხარდაჭერის მილიარდ დოლარამდე გაზრდაა.

კულებას განცხადებით, ძლიერი უკრაინა საუკეთესო ფაქტორია რუსეთის შესაკავებლად და მისი სამომავლო აგრესიის აღსაკვეთად. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის პირადად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის ფონზე.

მინისტრის თქმით, აღნიშნულის გამო, უკრაინის დიპლომატიური კორპუსი ბევრს მუშაობს, რათა მოხდეს უკრაინის არმიის გაძლიერება ახალი იარაღის, ახალი ტექნოლოგიებისა და დამატებითი აღჭურვილობის მოზიდვით. ასევე, სხვადასხვა წვრთნისა და სწავლების გამართვით. მინისტრის განცხადებით, აშშ უკრაინის წამყვან პარტნიორად რჩება და ქვეყნებს შორის ფართო ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები ყალიბდება.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, ამერიკულმა მხარემ 460 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინაში საკვანძო რეფორმების მხარდასაჭერად.