რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში ოთხ მილიონზე მეტი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა
უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ერთი თვის განმავლობაში 4,3 მილიონი ბავშვი იქცა იძულებით გადაადგილებულად.
აღნიშნულის შესახებ „იუნისეფი“ იტყობინება.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში 7,5 მილიონი ბავშვიდან, რუსეთის აგრესიის გამო 4,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა, რომელთაგან 1,8 მილიონმა ქვეყანა დატოვა.
„ომმა გამოიწვია ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის ავისმომასწავებელი მომენტი, რომელსაც შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს მომავალ თაობებზე. მიმდინარე საშინელი ძალადობის გამო ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა საფრთხეშია“, – ნათქვამია იუნისეფის დირექტორ ქეთრინ რასელის განცხადებაში.
ამასთან, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 78 ბავშვი დაიღუპა და 105 დაშავდა, თუმცა საუბარია მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელთა დადასტურება გაერო-მ შეძლო.