რუსეთის საგარეო უწყება - უმჯობესი იქნებოდა, საქართველომ დაიწყოს დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი
რუსეთის საგარეო უწყება - უმჯობესი იქნებოდა, საქართველომ დაიწყოს დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იმედისმომცემი განცხადებისა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის სურვილი ჰქონდა, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად აქციეს“.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ „საქართველოს არ აქვს უნარი, დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან და შეეცადა, ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაენაწილებინა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე საუბარია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეც. 

მათი თქმით, „თბილისის წარმომადგენლები შეეცადნენ, დისკუსიის ცენტრში მოექციათ ე.წ. ტატუნაშვილის საქმე და საქართველოს მოქალაქის სიკვდილში დაედანაშაულებინათ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ – რუსეთიც“.

ამასთან, რუსეთი საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ “უმჯობესი იქნებოდა, საქართველო სერიოზულად დაფიქრებულიყო მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: დაეწყო ჟენევაში პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან; უარი ეთქვა ოკუპირებელი ტერიტორიების შეახებ კანონზე”.

„რუსული მხრიდან ხაზგასმული იყო ქართული დელეგაციის მცდელობების კონტრპროდუქტიულობა, გამოიყენონ ჟენევის მოლაპარაკებები საკუთარი იდეოლოგიური კლიშეების გასაჟღერებლად. ამის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, საქართველო სერიოზულად დაფიქრებულიყო მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: დაეწყო ჟენევაში პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან; უარი ეთქვა სხვა ქვეყნების წაქეზებაზე, რათა მათ სავიზო ბლოკადაში ამყოფონ მოქალაქეები; გააუქმოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი; შეწყვიტოს უცხოეთში კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანაშმრომლობისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის გამო.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა სოლიდარულად გამოხატეს შეშფოთება ნატო-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამო. ხაზი გაესვა გარანტიების არარსებობას, რომ საქართველოში, რომელიც გაძლიერებულად მარაგდება დასავლეთის შეიარაღებით, კვლავ არ გაძლიერდება მეზობლების მიმართ ძალისმიერი მიდგომები. ეს უქმნის საფრთხეს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ სტაბილურობას“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადების კიდევ ერთი ნაწილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას –  „თანამშრომლობა საქართველოსთან“  ეხება.

რუსეთის საგარეო უწყებაში დოკუმენტს “პროპაგანდისტული ინსტრუმენტი” უწოდეს, დევნილების დაბრუნების თემაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას შეადარეს და აღნიშნეს, რომ “დოკუმენტმა ხელი შეუშალა ჟენევის მოლაპარაკებების ჰუმანიტარული ჯგუფის კონსტრუქციულ მუშაობას”.