რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დატოვებს, რისი მიზეზიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებია.
როგორც რუსეთის ახალი ამბების ორი სახელმწიფო სააგენტო, „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ იუწყება, როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა, დმიტრი როგოზინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე დამტკიცებულია.
„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, არ ვართ ვალდებული, რომ ამის შესახებ საჯაროდ ვისაუბროთ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩვენი მუშაობის დასრულების შესახებ, ჩვენს პარტნიორებს შევატყობინებთ“, — განაცხადა როგოზინმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას.
აპრილის დასაწყისში, როგოზინმა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწებული სანქციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როსკოსმოსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-სთან და ევროპის კოსმოსურ სადგურთან პარტნიორობას შეაჩერებს.
„მჯერა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და სხვა პროექტებზე პარტნიორებს შორის ნორმალური ურთიერთობათა აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც უპირობოდ მოიხსნება სრულიად არაკანონიერი სანქციები“, — დაწერა მაშინ როგოზინმა ტვიტერზე.
თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ მოსკოვის, პირადად პრეზიდენტ პუტინისა და სხვა მრავალი პირის მიმართ მთელი რიგი სანქციები დააწესეს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური წლების განმავლობაში რჩებოდა ნათელ წერტილად აშშ-რუსეთის ურთიერთობაში.
რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი ამერიკელი და ერთი იტალიელი ასტრონავტი ავიდა, სადაც მათ უკვე დახვდათ სამი ამერიკელი, სამი რუსი და ერთი გერმანელი ასტრონავტი.
კოსმოსური სადგურის პროექტს NASA 2030 წლამდე გააგრძელებს.
მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით.