რუსეთი კოსმოსურ სადგურთან რაკეტა „სოიუზის“ გაშვების კრახის მიზეზს ასახელებს
რუსეთი კოსმოსურ სადგურთან რაკეტა „სოიუზის“ გაშვების კრახის მიზეზს ასახელებს

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, რაკეტა „სოიუზის“ გაშვების წარუმატებლობის მიზეზი დეფორმირებული სენსორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, წარუმატებლად დასრულდა რაკეტა „სოიუზის“ გაშვება, რომელსაც ამერიკელი და რუსი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა გაეყვანა. ისინი დედამიწაზე ავარიულ რეჟიმში დაეშვნენ.

„როსკოსმოსი“ ასევე აქვეყნებს ბორტზე დამაგრებული კამერებით გადაღებულ დრამატულ ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ აბრკოლებს კოსმოსში ასვლას გამწევი ძრავის გამოყოფა და უცაბედი რყევითი მოძრაობა.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ რაკეტის ოთხიდან ერთ-ერთი გამწევის არასწორი განცალკევება, რამაც შემდეგ მთავარ გამწევს შეუქმნა პრობლემა — გამოწვეული იყო იმით, რომ არ გაიხსნა მჟანგავი აგენტის ავზის თავსახური.

„როსკოსმოსის“ სპეციალური განცხადების თანახმად, პრობლემის თავი და თავი გამოყოფის სენსორის დაზიანება აღმოჩნდა. სააგენტოს ცნობით, სენსორი ბაიკონურის კოსმოდრომის გამშვებ ადგილას რაკეტის მონტაჟისას დეფორმირდა.

„როსკოსმოსის“ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ოლეგ სკორობოგატოვის თქმით, ყველა ამ შეცდომის გამო, რაკეტამ სიმაღლის კონტროლი დაკარგა.

სააგენტოს ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ შექმნეს სისტემა, რომელიც მსგავსი ხარვეზების კვლავ განმეორებას გამორიცხავს. მათივე თქმით, 16 ნოემბერს რაკეტა „სოიუზ-FG“ საერთაშოროსო კოსმოსურ სადგურთან სატვირთო ხომალდ Progress MS-10-ს აიყვანს, 3 დეკემბერს კი „სოიუზ-MS-11“-ით სადგურზე ასტრონავტები ავლენ.