რუსეთ-თურქეთის შეთანხმება იდლიბის რეგიონში, ავტომაგისტრალის მიმდებარედ უსაფრთხოების კორიდორების შექმნას ითვალისწინებს
რუსეთ-თურქეთის შეთანხმება იდლიბის რეგიონში ავტომაგისტრალ „ემ4“-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით ექვს კილომეტრში უსაფრთხოების კორიდორების შექმნას ითვალისწინებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების კორიდორის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სპეციფიკურ პარამეტრებზე თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები შვიდი დღის განმავლობაში შეთანხმდებიან.
სტრატეგიულ ავტომაგისტრალ „ემ4“-ის გასწვრივ, თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი პატრულირება 15 მარტს დაიწყება. პროტოკოლის თანახმად, პატრულირება ქალაქ სარაქიბიდან ორ კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ ტრუმბადან, დასახლებულ პუნქტ აინ-ალ-ჰავრამდე გაგრძელდება. ავტომაგისტრალი „ემ4“ ქალაქებს – სარაქიბს და ლატაკიას აკავშირებს.
სირიის იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 5 მარტს, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღწეული.