რუხის საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ცხრა კოვიდინფიცირებულია
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 29 პაციენტი ჰყავთ. მათ შორის ცხრა კოვიდინფიცირებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა, ერთ-ერთი ინფიცირებული არასრულწოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სტაბილური.
მისივე თქმით, კლინიკაში ცხელებით 20 პაციენტია შეყვანილი.
კლინიკური დირექტორის თქმით, ცხელების ნიშნებით მიმართვიანობა კლინიკაში საგრძნობლად გაიზარდა და ყოველდღიურად საავადმყოფოში 10-12 პაციენტი შედის. ყველა მათგანს უტარდება ტესტირება კორონავირუსზე.
გუშინ ცხრა ადამიანის ტესტირება მოხდა, ყველა პასუხი უარყოფითი იყო. დღეს ტესტირება კორონავირუსზე კიდევ შვიდი ადამიანს ჩაუტარდება.