როტერდამის კინოფესტივალზე ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ. ნინო ჟვანიას „აღლუმი“ და მიშო ანთაძის „მოსავალი“. ორივე მათგანი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.
ნინო ჟვანიას სადებიუტო ნამუშევრის „აღლუმი“ ევროპული პრემიერა სექციაში Totally Bright Future გაიმართება.
ფილმი ბავშვობის სამი მეგობრის შემთხვევითი შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, მესამე მათგანი კი, ავანტურისტი მექალთანე მსახიობი. ფილმის პროდიუსერები ნიკოლოზ აბრამიშვილი და რუსუდან გლურჯიძე არიან, მთავარ როლებს კი გუგა კოტეტიშვილი, გოგა პიპინაშვილი და არჩილ ქიქოძე ასრულებენ.
„აღლუმის“ მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ გაიმართა, მოგვიანებით კი „აღლუმი” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქართული პანორამა“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „მოსავალი“ მსოფლიო პრემიერა ასევე როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის ჩვენებები 27, 28 და 31 იანვარს სექციაში Say No More გაიმართება, პრემიერამდე ერთი დღით ადრე კი „მოსავალს“ მედიის წარმომადგენლები ნახავენ.
„მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მაცხოვრებლები ახლა ვირტუალური მოსავლის მოპოვების ციებცხელებით არიან შეპყრობილი. „მოსავალი“ ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში.
როტერდამის კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია და აქცენტს ახალი ტალანტების აღმოჩენაზე აკეთებს.
როტერდამის კინოფესტივალი 23 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.