როს უილსონი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კრიტიკულია, თუმცა აღნიშნულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი
საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს თავისუფალი საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
როს უილსონის თქმით, დემოკრატია უკვე მიღწეული შედეგის შეფასება არ არის, არამედ პროცესია, რომელიც მუდმივად გრძელდება.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კრიტიკულია, თუმცა აღნიშნულია მიღწეული პროგრესი. უკვე არაერთხელ ვთქვი და ვიმეორებ, რომ საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს თავისუფალი საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ამის ბოლო მაგალითია პროცედურებში ასახული საპარლამენტო წესები, რაც აძლიერებს მთავრობაზე პარლამენტის ზედამხედველობას. ეს კარგია. არსებობს სირთულეები, თუმცა დემოკრატია არის პროცესი და ყველა ქვეყანას აქვს როგორც პრობლემები, ასევე მიღწევები,“ – განაცხადა როს უილსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო.
სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხვდა ისეთი საკითხები, როგორიცაა სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებები, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და მასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები, ასევე – ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები.
„მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა. ამგვარ ხარვეზებს შორისაა, 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხტარლის საქართველოში გატაცებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ ცნობებზე პასუხისგების არარსებობა”, – ნათქვამია ანგარიშში.