აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო.

ანგარიშში საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია შეფასებული და აღნიშნულია, რომ ეუთოს დამკვირვებლებმა მას კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული უწოდეს.

„ოქტომბერსა და ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ინაუგურაციის დღიდან ძალაში შესული ახალი სადავო კონსტიტუციის შესაბამისად, მომავალი პრეზიდენტების არჩევა აღარ მოხდება საყოველთაო ხმის მიცემით. ეუთოს დამკვირვებლებმა ოქტომბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული უწოდეს, თუმცა გამოთქვეს შეშფოთება მათ შორის, თამაშის თანაბარი პირობების არარსებობის, ამომრჩეველთა დაშინებისა და შურისძიების შიშის გამო.

ეუთოს დამკვირვებლებმა აღნიშნული შეშფოთება ნოემბერში გამართული მეორე ტურის შემდეგაც გაიმეორეს და შეაფასეს, რომ კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფალ გარემოში წარმოება, თუმცა ერთი მხარე გაუმართლებელი უპირატესობებით სარგებლობდა, ხოლო ორივე მხრიდან კამპანიის უარყოფითმა ხასიათმა შელახა საარჩევნო პროცესი,” – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ძირითად პრობლემებად ასახელებს უსაფრთხოების ძალების დადანაშაულებას მკვლელობებში, პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას, მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ ელიტარული კორუფციის ბრალდებებს, ლგბტ-პირების მიმართ ძალადობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხვდა ისეთი საკითხები, როგორიცაა სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებები, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და მასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები, ასევე – ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები.

„მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა. ამგვარ ხარვეზებს შორისაა, 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხტარლის საქართველოში გატაცებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ ცნობებზე პასუხისგების არარსებობა”, – ნათქვამია ანგარიშში.