მედიის ცნობით, რონალდუს აგენტი პსჟ-სთან მოსალაპარაკებლად პარიზში ჩავიდა
მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან ახლოს არის, – ამტკიცებს პორტუგალიური გამოცემა Sapo.
33 წლის ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში პარიზში ჩავიდა, რათა თავისი კლიენტის ტრანსფერზე მოელაპარაკოს საფრანგეთის ჩემპიონს.
სამშაბათს „რეალმა“ 2018-2019 წლების სეზონისთვის ახალი ფორმის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც პორტუგალიელ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია. გარდა ამისა, „რეალის“ საკლუბო მაღაზიის ოფიციალური ვებგვერდიდან გაქრა ფორვარდის გამოსახულება.
უფრო ადრე, იტალიური პრესა იტყობინებოდა, რომ რონალდუ ნამდვილად დატოვებს მადრიდულ კლუბს, თუ მას ხელფასს არ მოუმატებენ. ამას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეალი“ არ არის მზად რონალდუსთვის ხელფასის გასაზრდელად და განიხილავს მისი ნეიმარში გაცვლის შესაძლებლობას.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად თავისი მომავალი კარიერის შესახებ 4 ივნისს უნდა გამოაცხადოს.