რომის პაპმა სიქსტეს კაპელაში 34 ჩვილი მონათლა. ხანგრძლივი ცერემონიალის განმავლობაში პონტიფიკოსმა დედებს უთხრა, რომ თუ ამ დროის განმავლობაში ბავშვებს მოშივდებოდათ, შეეძლოთ ისინი ძუძუთი გამოეკვებათ.
ნათლობის ცერემონიალი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. პაპმა 18 გოგონა და 16 ბიჭი მონათლა, მათ შორის ტყუპების ორი წყვილი.
„თუ ტირილს დაიწყებენ, თუ რაიმე შეაწუხებთ, დასცხებათ ან მოშივდებათ, გამოკვებეთ ისინი, ნუ მოგერიდებათ, რადგან ესეც სიყვარულის ენაა“, – უთხრა პაპმა დედებს.
უფლებადამცველთა მონაცემებით, ქალები მსოფლიო მასშტაბით კვლავ ეჩეხებიან შევიწროებასა და დისკრიმინაციას საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ძუძუთი გამოკვების გამო.
პაპის მიერ ვატიკანის თანამშრომლების შვილების ნათლობა ყოველწლიური ცერემონიალია. პაპი ფრანცისკე ამავდროულად რომის ეპისკოპოსიცაა.