რომის პაპმა სააღდგომო ქადაგებისას ქრისტიანებს მოუწოდა, შეინარჩუნონ რწმენა მაშინაც კი, თუ მათ მწუხარება, შიში ან სხვა განსაცდელი დაეუფლებათ
რომის პაპმა სააღდგომო ქადაგებისას ქრისტიანებს მოუწოდა, შეინარჩუნონ რწმენა მაშინაც კი, თუ მათ მწუხარება, შიში ან სხვა განსაცდელი დაეუფლებათ

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპმა სააღდგომო მსახურება აღავლინა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 87 წლის ფრანცისკე ტაძარში ეტლით მიიყვანეს. სააღდგომო მესა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვატიკანის ცნობით, მსახურებას ექვსი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ქადაგებისას, რომის პაპმა მოუწოდა ქრისტიანებს, შეინარჩუნონ რწმენა მაშინაც კი, თუ მათ მწუხარება, შიში ან სხვა განსაცდელი დაეუფლებათ.

„ჩვენთანაც შეიძლება, ასე იყოს. ზოგჯერ შეიძლება ვგრძნობდეთ, რომ დიდი ქვა ხერგავს ჩვენი გულის კარს, ახრჩობს სიცოცხლეს, აქრობს იმედს, გვატყვევებს შიშისა და წუხილის აკლდამაში და გვეღობება სიხარულისა და იმედის გზაზე. ასეთ ქვებს ვაწყდებით ჩვენი ცხოვრების გზაზე ყველა განსაცდელისას და ისეთ სიტუაციებში, რომლებიც გვართმევენ ენთუზიაზმსა და სიმტკიცეს. ჩვენ ვაწყდებით მათ მწუხარების ჟამს, საყვარელი ადამიანების გარდაცვალებით დატოვებულ სიცარიელეში, წარუმატებლობისას და შიშისას, რომელიც გვაბრკოლებს სიკეთის მიღწევისგან. ჩვენ ვაწყდებით მათ ეგოიზმის რეზინის კედლებში და გულგრილობაში, რომელიც აკავებს უფრო სამართლიანი და ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბების ძალისხმევას, მშვიდობისკენ ყველა ჩვენს მისწრაფებაში, რომელიც აწყდება ულმობელ სიძულვილს და ომის სისასტიკეს“, – განაცხადა რომის პაპმა.

დღეს რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე მესას ჩაატარებს და ტრადიციული მიმართვით Urbi et Orbi წარდგება.