რომის პაპი ფრანცისკე შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც მაცხოვრის შობას იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს აღნიშნავს
რომის პაპი ფრანცისკე შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც მაცხოვრის შობას იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს აღნიშნავს. რომის პაპმა ამის შესახებ ვატიკანში საკვირაო ლოცვის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებისადმი მიმართვისას ისაუბრა.
„დღეს აღმოსავლური ეკლესიები, რომლებიც მისდევენ იულიუსის კალენდარს, ზეიმობენ შობის წმინდა დღესასწაულს. სასიხარულო ძმობის სულისკვეთებით ვისურვებ, რომ უფალი იესოს დაბადებამ აღგვავსოს სინათლით, მოწყალებითა და მშვიდობით“, – აღნიშნა რომის პაპმა.
ქადაგებისას პონტიფიკოსმა, ჩვეულებისამებრ, მშვიდობა უსურვა უკრაინას, პალესტინასა და ისრაელს.
წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის ქადაგებას 12 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.