რომის კათოლიკურმა ეკლესიამ სიკვდილით დასჯა დაუშვებელ ქმედებად აღიარა
შესაბამისი ცვლილება კათოლიკური ეკლესიის კატეხიზისში, პაპი ფრანცისკეს განკარგულებით შევიდა. ინფორმაცია წმინდა საყდრისის პრესსამსახურმა გავრცელა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კათოლიკური ეკლესია, განსაკუთრებულად მძიმე გარემოებებში სიკვდილით დასჯას დასაშვებად ცნობდა.
„დღეს უკვე დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ადამიანი ღირსებას არ კარგავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, ხოლო დასჯის ზომები ისე განვითარდა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებულია, ადამიანის გამოსწორების უკანასკნელი შანსი კი შენარჩუნებულია. ამიტომ, ეკლესია დაუშვებლად აცხადებს სიკვდილით დასჯას და მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში მისი გაუქმებისთვის ბრძოლას“, – ნათქვამია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინკვიზიციის პერიოდში რომის კათოლიკური ეკლესია თავად მიმართავდა სიკვდილით დასჯას და ერეტიკოსებს კოცონზე წვავდა. ამის გამო იოანე პავლე მეორემ საჯაროდ მოიხადა ბოდიში.