მთავრობის ადმინისტრაცია 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბოლო შვიდი დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა ოთხ პროცენტამდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:
ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:
1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;
2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;
ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით:
1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);
2. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;
∙ მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
∙ ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.
ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.