რომან კაკულია - „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურამ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რასთან გვქონდა საქმე და რატომ ამდენი წლის შემდეგ
„თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურამ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რასთან გვქონდა საქმე და რატომ ამდენი წლის შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პროკურატურას განცხადების შინაარსის გარდა, განმარტების გაკეთება მოუწევს ვადასთან დაკავშირებითაც. სიცხადის შეტანისთვის საჭიროა ორ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რასთან გვქონდა საქმე და რატომ ამდენი წლის შემდეგ. სწორედ ეს ბოლო კითხვა აჩენდა პოლიტიკური კომპონენტის შინაარსს. წელგამართული იქნება საზოგადოებაც და პარლამენტიც, თუ პროკურატურა ორივე შეკითხვას პასუხს გასცემს. გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რა პროცესებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, დღევანდელ განცხადებაში შინაარსობრივი სიახლე არ ყოფილა.
„პროკურატურამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სანამ რაიმე სახის პოლიტიკურ ზეწოლაზე ვისაუბრებთ, იცოდეთ, რომ საკმაოდ სერიოზული შინაარსის ეჭვებთან გვაქვს საქმე, ეს დაადასტურა ამ გამოსვლამ. ჩვენ ცალსახად პოლიტიკური შეფასება არ გვქონია და არც იყო სწორი, გაგვეკეთებინა, იმის გამო, რომ ეს ზემოქმედებს ანაკლიის თემასა და იმიჯზე, პატარა ქვეყანა ვართ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო, ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ თვალი უნდა დავხუჭოთ, ასეთი ტიპის ზეწოლებიც მოდის და არც ეს არის სწორი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით დღეს მორიგი განცხადება გაკეთდა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები ბრიფინგზე დღეს პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ წარადგინა.