რომან კაკულია - ვალების განულების გადაწყვეტილება ნათელი დასტურია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად არის დანახული
ვალების განულების გადაწყვეტილება არის ნათელი დასტური, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად არის დანახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც ბოლო პერიოდში ისმოდა, იყო ის, თუ რას ნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობისგან გზავნილი მიიღო. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დასტური, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად იქნა დანახული. ამ გადაწყვეტილების შედეგი ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის შედარებით გაამარტივებს მომავალში ცხოვრებას და ისინი თეთრი ფურცლიდან დაიწყებენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.