რომან კაკულია - სხვადასხვა ქვეყნისა და პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ საქართველოს საქმეებში მიუღებელ ჩარევას, ეს მხოლოდ აღვივებს პრორუსულ ორიენტაციას, თუ ასეთი არსებობს საქართველოში
დასავლეთი, ერთის მხრივ, ხარჯავს ფულს თითქოს რუსული პროპაგანდის შესანელებლად და მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ მხარს უჭერს, თუ საქართველოში რაიმე პრორუსული ორიენტაცია არსებობს, მათ გაღვივებას, რადგან საქართველოში ასეთი დასავლეთი არავის მოსწონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში საკმაოდ მიუღებელ ჩარევას. ახლა ძალიან მოდური გახდა საუბარი იმაზე – პრორუსული ორიენტაცია არის სხვადასხვა სახის დანაშაულებების წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების საწყისი და მოტივაცია. „ფრონტერასთან“ მოდავე მხარე ამტკიცებს, ამბობს და ცხადია, რომ საარბიტრაჟო დავა იქნა მოგებული ქართული მხარის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ფრონტერას“ იმ საკითხების მოგვარება მოუწევს, რომელიც გარემოს დაცვასთან, ინფრასტრუქტურასთან, ქონებრივ საკითხებთან არის დაკავშირებული. „ფრონტერა“ ყოველთვის იყო ის ორგანიზაცია, რომელიც ქმნიდა გაუგებარ ილუზიებს და ამაზე საუბრობდა ამ სფეროში ჩართული ბევრი პარტნიორი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ძალიან კონკრეტული დავა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი გახდა.
„ეს იმ ტრენდს გაჰყვა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში შეიქმნა. ბევრი პოლიტიკოსი სარგებლობს ახალი შესაძლებლობით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება რაღაცნაირად შეფუთოს პოლიტიკური ჩარჩოთი. შემდეგ მიაგნო სხვადასხვა პოლიტიკოსს, შემდეგ მოძებნო პოლიტიკოსები საზღვარგარეთ, რომელთაც შეიძლება, სხვადასხვა სახის ინტერესები ჰქონდეთ და ეს წარმოაჩინო დასავლეთის პოზიციად. სამწუხაროდ, ასეთი სახის ჩარევები თითქოს იმისკენ მიმართული, რომ პრორუსული ძალა აკეთებს ამ სახის ჩარევებს, სხვას არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ მხოლოდ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციას, თუ საქართველოში არსებობს, რადგან ასეთი სახის დასავლეთი, რომელიც ასეთნაირად რეაგირებს ასეთ სამართლებრივ საკითხებზე, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ასეთი თვალსაზრისით შეხედოს ასეთი სახის ჩარევებს, როცა საუბრობს რაიმე სახის რუსულ პროპაგანდაზე. ერთი მხრივ, დასავლეთი ხარჯავს ფულს თითქოს რუსული პროპაგანდის შესანელებლად და მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ მხარს უჭერს, თუ საქართველოში რაიმე პრორუსული ორიენტაცია არსებობს, მათ გაღვივებას, რადგან საქართველოში ასეთი დასავლეთი არავის არ მოსწონს. ყველას ვთხოვ, ამაზე სერიოზულად დაფიქრდნენ“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.