რომან კაკულია - პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების გარეშე  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს  ჩემი კომიტეტი მხარს არ  დაუჭერს
რომან კაკულია - პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების გარეშე  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს  ჩემი კომიტეტი მხარს არ  დაუჭერს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს  მისი კომიტეტი, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების გარეშე მეორე მოსმენაზე მხარს არ დაუჭერს.

ერთ-ერთ პრინციპულ საკითხად დეპუტატი სამეურვეო საბჭოს  საკითხს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭო და დირექტორი ერთმანეთთან „კონსენსუსის მეთოდით უნდა თანამშრომლობდნენ“.

„სამეთავლყურეო საბჭოს საკითხზე  პროგრესი იქნა მიღწეული, მაგრამ ჩვენ ვთვლით,  რომ კონსენსუსი არის მიდგომა და მეთოდი, რომლითაც ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდეს სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი. რადგან  აღნიშნული ჩანაწერი ამ სულისკვეთებისგან შორს არის, სწორედ ამ სულისკვეთებასთან გვინდა მივიყვანოთ ეს ჩანაწერი, ამიტომ ვთვლით, რომ დამატებითი კონსლუტაციები არის საჭირო. რაც შეეხება საკითხს სტარტაპთან დაკავშირებით, ვიზიარებ ბოლომდე ბატონ ლევან კობერიძის პოზიციას, რომ სახელმწიფოს შეუძლია მის ხელთარსებული სხვა პროგრამების ფარგლებში შექმნას დახმარების ის სეგმენტი, რომელიც უშუალოდ იმ პროდუქციას შექმნის, რაზეც აქ არის საუბარი და არ მიმაჩნია, რომ ამით უნდა იყო დაკავებული სახელმწიფო მაუწყებელი“,- აღნიშნა კაკულიამ.

მისივე თქმით, არც რეკლამასთან დაკავშირებით იყო დამაკმაყოფილებელი ის განმარტება, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. კაკულიამ მოუწოდა მათ, გაცილებით გაგებით მოეკიდონ დეპუტატების პოზიციას.

„ამ პოზიციის თანახმად, თანხაზე კი არ არის საუბარი და იმაზე, რომ მათ საჭიროება აქვთ,  გვჯერა ამის, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ბაზრიდან ნუ გაიტანთ ამ თანხას. არც საერთაშორისო მაგალითებიც არის ჩემთვის დამაკმაყოფილებელი, რადგან იმ ქვეყნებში სულ სხვა მდგომარეობაშია საზოგადოებრივი მაუწყებელიც და კერძო ტელევიზიებიც, ამიტომ აქ კონტექსტს ჰქონდა მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ამ საკითხებზე მსჯელობა საჭიროდ მიმაჩნია და იმედს გამოვთვქვამ, რომ დავასრულებთ ამას  მეორე განხილვამდე“,- აღნიშნა დეპუტატმა.

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენის რეჟიმში მსჯელობენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ რეგულაციებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცნობს.