ეკა ბესელია - მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე ევროპის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დადებითი დასკვნები მოამზადეს
ეკა ბესელია - მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე ევროპის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დადებითი დასკვნები მოამზადეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებები ერთმანეთში ისე იყო ახლართულ-ჩახლართული, რომ პრაქტიკაში ურთულეს პრობლემას ქმნიდა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიამ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი, ვისთან ერთადაც ცვლილებებზე მუშაობა წარიმართა.

მისი თქმით, ევროპის მაუწყებელთა კავშირში ექსპერტისთვის კანონპროექტი მოამზადეს და ორი დასკვნა არსებობს, რომელთა შორისაა ევროპის საბჭოს გენერალური დირექტორის დასკვნა.

„საინტერესოა საერთაშორისო ექსპერტიზა, რაც ასეთ დროს დიდ ყურადღებას იმსახურებს, რადგან საერთაშორისო სტანდარტებიდან მოწყვეტილი ვერ ვიქნებით და ამ რეგულაციებს გარე ექსპერტიზა და მონიტორინგი სჭირდება.

აღნიშნული დასკვნები დადებითია. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა შესყიდვების საკითხი, მართვა, ხელმძღვანელობა, სარეკლამო დრო განიხილა და ამ საკითხებზე დადებითი დასკვნა აქვს. შესყიდვებთან დაკავშირებით მიჩნეულია, რომ შესყიდვების წესიდან გამონაკლისის დადგენა დადებითი ფაქტორია და ამას მხარს ევროპის მაუწყებელთა კავშირი სრულად უჭერს.

ხელმძღვანელობის მართვის თვალსაზრისით, დირექტორსა და ბორდის უფლებამოსილების გარკვეულ გამიჯვნაზეა საუბარი, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში ისე იყო ახლართულ-ჩახლართული, რომ არაგამიჯნული უფლებამოსილებები და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთში აღრეული გაწერილი ზოგადი ნორმები პრაქტიკაში ურთულეს პრობლემას ქმნიდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი რისკი იმის თაობაზე, რომ არასწორად იყოს გამოყენებული ბორდის მიერ დირექტორის წინააღმდეგ სხვა ქმედებები და ამიტომ, უფლებამოსილების თვალსაზრისით მიესალმება იმ მხრივ, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი ორგანო საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას აბალანსებს“, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი პროდუქციის და არა ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი კერძო სამართლის პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უთმობს.

ასევე დამატებით განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის ან აუდიტორიის კვლევა შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

ცვლილებებით შესაძლებელი ხდება, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიო პროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეების გამოყენება.

ამასთან, პროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ხელშეუხებლობას დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ; ეს არის მუხლი, რომელიც მეტი დამოუკიდებლობის შესაძლებლობას იძლევა.

ინიციატივით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

ასევე ცვლილებებით, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში.

კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან ამოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობების დადგენის უფლებამოსილება.

ცვლილებებით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში ემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად,  საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-, რადიო- და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ამას გარდა, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).

ინიციატივით დასაშვები ხდება, აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.

ამასთანავე, კანონპროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ  90 წამისა (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.