რომან კაკულია - „თიბისი ბანკის“ საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ვეღარ ავცდებით, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ნაკლები დანაკარგით
გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რასთან გვაქვს საქმე და რატომ დღეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კითხვებს პასუხი გაეცემა, პოლიტიკური ზეგავლენის თემაზე ეჭვები არავის დარჩება.
„ვვარაუდობ, რომ ალბათ, რაღაც სერიოზული მიზეზი უნდა იყოს, რადგან გენერალურმა პროკურატურამ ეს ფაქტიურად გუშინ დაადასტურა და თქვა, რომ არ იფიქროთ, საქმე რაიმე უმნიშვნელოსთან გქონდეს, ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანთან გვაქვსო. კითხვა მხოლოდ ამაში არ არის, კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ დღეს. თუ ვინმეს უნდა, ეს საკითხი ამოიწუროს, პასუხი ორ რამეზე უნდა იყოს – რასთან გვაქვს საქმე და რატომ მაინც და მაინც დღეს? ამას პოლიტიკური ელფერი მეორე კითხვამ შესძინა და არა – პირველმა. ვისაც უნდა სუფთად გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი დარტყმის ქვეშ არ დააყენოს, რადგან პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაზვიადება ხდება, ამას არ გამოვრიცხავ და შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგრამ პასუხი ერთია – პასუხი გასცენ ორ კითხვას, რასთან გვაქვს საქმე და რატომ დღეს. ამ შემთხვევაში კითხვები და პოლიტიკური ზეგავლენის თემაზე ეჭვები არავის დარჩება. პროკურატურას უნდა ესმოდეს, რომ რადგან ეს სტატუსი შეიძინა, ყველა საქმე უნდა გადაიდოს და ორ კითხვას პასუხი მალე უნდა გასცეს. ის, რომ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მოხდება, ოპონენტები გააზვიადებენ, გარეთ გაიტანენ ისეთი თემით, რომ რაღაც სეგმენტები დაზიანდეს, ამას ვეღარ ავცდებით. უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ნაკლები დანაკარგით. სამწუხაროდ, აქ მივედით და დანაკარგების გარეშე ვეღარ გამოვალთ”, – აცხადებს დეპუტატი.
კაკულიას თქმით, ჭკვიანური მიდგომა იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა თავის შედეგებს მალე დებს, ეროვნული ბანკი კი თავის სათქმელს იტყვის.
„ადრე თუ გვიან, ეროვნულმა ბანკმა დეპუტატების კითხვებს პასუხი რომ არ გასცეს, არ გამოვა. მას არავინ ეკითხება იმ თემებში შევიდეს, რაც პროკურატურის თემაა. შეუძლია, თქვას, ეს პროკურატურის თემაა. კითხვები იმ თემებზე იქნება, რაც ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შედის. ფორმატი თვითონ მოიფიქროს, შეგვითანხმოს და ეს მაინც შედგება. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს პროექტი მნიშვნელოვანია და სახელმწიფომ ბევრი ნაბიჯი გადადგა. ანაკლიის პორტის მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მხარდაჭერა კი არ არის, ცვალებად საგარეო სიტუაციაში მისი კონკურენტუნარიანობის თემაა მთავარი გამოწვევა. ეს რომ ვთქვი, ჩათვალეს, რაღაც ეჭვებს ვაღვივებდი. ამ ქვეყანაში სხვა რა უნდა მოხდეს, ტურისტული და სატრანზიტო ფუნქციის გარდა? ეს ქვეყნის ინტერესია, თუ პორტის კონკურენტუნარიანობა შენარჩუნებული იქნება ცვალებადი საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით”, – განაცხადა კაკულიამ.