რომან კაკულია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანი პროვოკაცია უფრო იყო, ვიდრე თელავში აქციის ჩატარება
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ოპოზიციის მიზანი პროვოკაცია უფრო იყო, ვიდრე თელავში აქციის ჩატარება.
როგორც ჟურნალისტებს კაკულიამ განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციის მცდელობაც აშკარა იყო, რადგან თუ ვინმეს თელავში აქციის ჩატარება უნდოდა, ამ აქციის მთავარი მონაწილეები თავად თელაველები უნდა ყოფილიყვნენ და სურვილის შემთხვევაში, მობილიზება შესაძლებელი იყო.
„სამართალდამცავები საკმაოდ ღირსეულად მოიქცნენ, მათ მიერ ანგარიშის გაწევა გუშინდელი დღის მნიშვნელობისთვის მოხდა. საკმაოდ მაღალი ხარისხის მოთმინება აჩვენეს, რაც კანონით არც კი ევალებათ. სამწუხაროა, რომ ასეთი ხარისხის დაპირისპირება სამომავლოდ პრობლემა იქნება. მმართველმა გუნდმა ბევრი უნდა ვიფიქროთ და ოპოზიციასაც მოვუწოდებ, როგორ დავასრულოთ დაპირისპირების ისეთი ხარისხი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის პრობლემაა იმის მიუხედავად, ვინ იყო მართალი და მტყუანი”, – განაცხადა კაკულიამ.
თელავში გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.
სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა. ინაუგურაციის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული.