რომან გოცირიძე - რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, ათასი სხვა საკითხია გადასაჭრელი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ოპოზიციაში ერთიანობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კონსტიტუციის შეცვლა და საარჩევნო სისტემის ნაწილობრივ გაუმჯობესება სწორედ ერთიანობის შედეგია.
„ოპოზიციაში, რომელიც არის ძალიან განსხვავებული, მაგრამ რომელმაც მიაღწია ისტორიულ გამარჯვებას, შეძლო ერთ მაგიდასთან დაჯდომა, კონსტიტუციის შეცვლა და ნაწილობრივ გაუმჯობესება საარჩევნო სისტემის, ეს არის ერთიანობის შედეგი და ოპოზიციაში ისეთი საკითხები უნდა იყოს განხილული, რომლებიც ერთმანეთს აახლოებს და გვერდი ავუაროთ ისეთ საკითხებს, რომლებიც ოპოზიციაში წარმოშობს წინააღმდეგობას.
რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერ-მინისტრობის ან მინისტრობის ე.წ. ფარული კაბინეტის შესახებ მსჯელობა არასდროს არ ყოფილა.
„ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, ხელოვნურად აგორებული, რომელიც ჩაცხრება ძალიან მალე, არავინ მსჯელობს დღეს სკამების განაწილებაზე“,- განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არც მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით არის მიღებული.
„ესა თუ ის პარტია, თუ საარჩევნო ბლოკი არჩევნებში გავა ფარული კაბინეტით მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრით, თუ მის გარეშე, ეს იქნება დამოკიდებული საარჩევნო ტაქტიკაზე და ეს გამოჩნდება სამომავლოდ. შეიძლება ეს უკეთესიც იყოს, შეიძლება – უარესიც, ამიტომ დღეს ამაზე საუბარი აბსოლუტურად უდროოა. არასდროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომელიმე კანდიდატის შესახებ მსჯელობა ამა თუ იმ პოსტზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ ყოფილა, ეს არ არის დროული და ოპოზიციამ შეძლო მთავარი რამ, გაერთიანდა ისეთ საკითხზე, სადაც იყო კონსენსუსი ყველა პარტიაში“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის შეფასებით, დღეს უნდა კონცენტრირდნენ არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ კოალიციური ხელისუფლების ფორმირებაზე.
„შეუძლებელია, რომ ასეთი ჭრელი ოპოზიციური სპექტრის პირობებში ყველა საკითხზე შევთანხმდიეთ, დღეს მთავარი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ კოალიციური ხელისუფლების ფორმირებაზე. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ყველანი მხარს დაუჭერენ სულ მცირე მეორე ტურში ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს. ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით ცალკეულ ოლქებში მაინც საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, მაგრამ ისიც გვესმის, რომ მხოლოდ ერთი ან ორი მაჟორიტარი კანდიდატის წამოყენება და ყველა ოლქში არა, ბუნებრივია, რომ დააზიანებს ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სიას პროპორციული არჩევნების კუთხით. აბსულუტურად გასაგებია „ლელოს“ პოზიცია, რომელიც აყენებს ყველა ოლქში, ვინაიდან ახალი პარტიაა და მას სჭირდება როგორც მაჟორიტარებზე, ასევე თავის პროპორციულ სიაზე მუშაობა. ჩვენ ვიცით არაერთი პარტია, რომელიც ასევე აპირებს ყველგან დაყენებას.
თუ კი მოხერხდა თუნდაც რამდენიმე ოლქში შეთანხმება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოხერხდა, ესეც არ არის პრობლემა, ვინაიდან ვთანხმდებით ერთ რამეზე, „ქართული ოცნება“ იცვლება ყველა პარტიის კოლექტიური ენერგიით და შემდეგ კოლიციურ ხელისუფლებაში ერთად აყალიბებენ ახალ, დემოკრატიულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ამ საშინელი კრიზისიდან გამოიყვანს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, 19 მაისს თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა გამოჩნდეს და პრემიერის ადგილი სწორედ ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა.
ჩარკვიანის განცხადების შემდეგ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გუშინ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე პარტიაში არ განიხილება, არც განიხილებოდა და არც მომავალში განიხილავენ.
ასევე, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განმარტა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ეყოლება პრემიერობის ერთიანი კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე.
აღნიშნულ განცხადებებს დღეს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა. მან პარტიებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, ვაშაძის თქმით, გარკვეული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს.