გიორგი ვაშაძე - დავმშვიდდეთ, ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ჩემთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს
გიორგი ვაშაძე - დავმშვიდდეთ, ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ჩემთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს გამარჯვება ერთიანობაში, ერთად დგომაშია და გარკვეულმა პარტიულმა, რადიკალურმა განცხადებებმა ერთობა არ უნდა დააზიანოს.

ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დაიწყოს საქართველოში.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას, რადგან გამარჯვება სწორედ არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში. ჩვენ მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა. მე ვსაუბრობ, როგორც ძალა ერთობაშიას, როგორც ერთიანი ბლოკის ერთიანობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, თუ კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი პოლიტიკური ჯგუფი შემოუერთდება. ასევე ვსაუბრობ ოპოზიციის თანამშრომლობაზე, იქნება ეს მაჟორიტარული ოლქების კუთხით, იქნება ეს არჩევნების გაყალბების კუთხით, რადგან 8 მარტს რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ სწორედ ოპოზიციის ერთიანობით.

2018 წელს, როცა ჩვენ არჩევნების პირველ ტურში გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ სწორედ ერთიანი ძალისხმევით, გაერთიანების იდეით. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვამბობ, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და ყოველთვის მომხრე ვიყავი საჯაროობის აბსოლუტურად ყველა საკითხთან მიმართებაში.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას, ჩემთვის პირადად, – სტრატეგია აღმაშენებლის გუნდისთვის, მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზრი პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პრემიერობის საკითხს, ვაშაძე ამბობს, რომ რადიკალური განცხადებები მისთვის გასაკვირი იყო.

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ რადიკალური განცხადებები. მე, ხალხნო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანების, რომლებმაც გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მინდა, ყველას ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები ვერ შეიტანს ერთობაში, რადგან საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, ძალაში, რომელიც უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ“,- აღნიშნა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალა ერთობაშია, პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ყავდეს პრემიერობის კანდიდატი.

„და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც მათ შორის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის, ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში. ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს, ჩვენს მტერს უნდა. ვიმსჯელოთ ცალსახად და წყნარად ყველაფერზე.

რაც მთავარია, მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა, ხალხნო, მე ყველაზე მეტად ყოველთვის მაინტერსებს თქვენი აზრი და იცოდეთ, რომ სადაც მე ვარ – გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი, ერთადერთი განმსაზღვრელი იქნება თქვენი მოსაზრება და თქვენი აზრი ზუსტად ვიცი, რომ დღეს არის ერთიანობა. ძალა ერთობაშია და აუცილებლად ამ ერთიანი ძალებით ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, 19 მაისს თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა გამოჩნდეს და პრემიერის ადგილი სწორედ ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა.

ჩარკვიანის განცხადების შემდეგ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გუშინ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე პარტიაში არ განიხილება, არც განიხილებოდა და არც მომავალში განიხილავენ.

ასევე, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განმარტა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ეყოლება პრემიერობის ერთიანი კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე.

დატოვე კომენტარი