რომან გოცირიძე - ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს.
ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრების ცალ-ცალკე გამართვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკების ჩაშლის მორიგი მცდელობაა.
მისი თქმით, ოთხი უსარგებლო რაუნდი გაიმართა და ხელისუფლებას მეხუთე რაუნდის ჩატარებაც კი არ უნდა.
„როგორც ჩანს, ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს იწყებენ. ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევენ. ეს არის პრინციპი „გათიშე და იბატონე“, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევენ. თუ ვინმე მოლაპარაკებაზე მივა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ სერიოზული პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე არ დაჯდება. ეს არის დროის გაწელვის ნაცადი ფანდი. როცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ყველა რესურსი ამოიწურება, შემდეგ იტყვიან, რომ სამართლებრივი შესაძლებლობები აღარ არსებობს ცვლილებების მიღებისთვის. მოლაპარაკებები იყო შეგნებულად არაკონსტრუქციული, რათა დრო გაეწელათ. დიალოგი შედეგის მიღწევისთვის არ იყო დაგეგმილი. „ქართულ ოცნებას“ ცვლილებები არ უნდა, რადგან მათი ყველა შეთავაზება უგნურია”, – განაცხადა გოცირიძემ.
პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიისა და „გირჩის“ შეხვედრას ასევე ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც. შეხვედრას გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს.
ამასთან, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება.