მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან თუ კოლექტიურად არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან თუ კოლექტიურად არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება. ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე „გირჩის“ წარმომადგენლისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრას გამოეხმაურა.

„დამოუკიდებელი დეპუტატებისგან შეთავაზება იყო, რომელიც ითვალისწინებდა ოთხპუნქტიან შეთანხმებას. ამ შეთავაზებიდან არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულება მიუღებელია და ამაზე ვერ შევთანხმდებით, თუმცა რაციონალური წინადადებებიც იყო და მზად ვართ, დიალოგის ფორმატში ვისაუბროთ. საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ვიზიარებთ, მზად ვართ, დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ და ვილაპარაკოთ საარჩევნო თემაზე. ცოტა დრო რჩება და ოპონენტებს მოვუწოდებ, დიალოგის მაგიდას დაუბრუნდნენ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გავიზიარებთ და კანონმდებლობაში ავსახავთ, მაგრამ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება რომ შევძლოთ, ამას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნება სჭირდება. ოპოზიციური ფლანგიდან ვისი სურვილიც იქნება, არავისთან შეხვედრა არ არის პრობლემა. დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დასხდებიან, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება. ზოგი მოგვიწოდებდა 135/15-ზე, ზოგი 110/40-ზე და ბარიერის დაწევაზე. ბევრი ვერსია გახმოვანდა. ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხიც არის, 135/15-ზე თუ 110/40-ზე, ეს გეოგრაფიულადაც უნდა დალაგდეს. ამ საკითხებზე საუბარი თებერვლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ და მოვრჩეთ, რათა ეს ყველაფერი გეოგრაფიულადაც უნდა დალაგდეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიისა და „გირჩის“ შეხვედრას ასევე ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც. შეხვედრას ასევე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს.