რომან გოცირიძე - კლანის გაძლიერებისთვის გაკეთებული საქმეები, სჯობს, ფრაქციაში გაარკვიოთ, ჩემი მხრიდან დღეიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ტაბუს ვადებ, თუ კვლავ რაღაც ფინანსებზე არ მალაპარაკებენ
რომან გოცირიძე - კლანის გაძლიერებისთვის გაკეთებული საქმეები, სჯობს, ფრაქციაში გაარკვიოთ, ჩემი მხრიდან დღეიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ტაბუს ვადებ, თუ კვლავ რაღაც ფინანსებზე არ მალაპარაკებენ

მოსამართლეებისთვის მიცემული ხმები, კლანის გაძლიერებისთვის გაკეთებული საქმეები, სჯობს, ფრაქციაში გაარკვიოთ, ჩვენ კიდევ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას და დღეიდან ჩემი მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ტაბუს ვადებ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება რომან გოცირიძემ გააკეთა პარლამენტის სხდომაზე, პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მოხსენების შემდეგ, კითხვებზე პასუხისას. რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებზე ისაუბრა.

„ნუ ახსენებთ ფინანსებს და ბიუჯეტს ჩემთან. როგორ შეიძლება, მე მეკამათო საფინანსო-საბიუჯეტო თემებზე და როგორ შეიძლება, მითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის თუ პარლამენტის ბიუჯეტს რამდენი დააკლდება ჩვენ მიერ შექმნილი ჯგუფისთვის გამოყოფილი სახსრებით. არც კომპიუტერის, არც ქაღალდის, არც წყლის – არაფრის შეძენის უფლება არ გვაქვს, რისი მანქანა, კარტრიჯს ვერ ვიყიდით. ერთადერთი, ჩვენ მხოლოდ სპეციალისტებს ავიყვანთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტია 2.1 მილიონი ლარი წელიწადში, დაახლოებით ერთი მილიონი „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ყველა პარტიას მოპოვებული ხმების მიხედვით აქვს და „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი. იმ ტიპის ხარჯებზე, რომლებზეც ვითომ ჩვენ გვამუნათებთ, 30 დეპუტატს ჰყავს 30 თანაშემწე, სხვათა შორის, მე თანაშემწე არ მეყოლება, როცა ვიქნები ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. 30 თანაშემწის ხელფასი არის 740 000 ლარი. „ნაციონალური მოძრაობის“ აპარატში არის 20 სპეციალისტი. ეს 20 სპეციალისტი იღებს დაახლოებით 240 000 თუ 260 000 ლარს, მხოლოდ ამ ორი პუნქტით, ეს არის მილიონი ლარი. ამას დამატებული სამივლინებო, ტექნიკური ხარჯები, ამას დამატებული ოთხი მანქანა, რომელსაც არ გაყვედრით. ერთი – ფრაქციის თავმჯდომარეს და სამი – მოადგილეს და ერთი მანქანის, მძღოლის ხელფასი, 500 ლიტრი ბენზინი, რემონტი რაღაცა კვოტებით გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი ჯგუფის დაფინანსება. ეს გინდოდათ, რომ მელაპარაკა? ამიტომ როდესაც ეუბნებით, რომ სპეციალისტის მოსაწვევი ფულით როგორ აზარალებთ პარლამენტს, ჩვენ არაფრით ვაზარალებთ, ერთი ორი თუ შეიქმნა, დაახლოებით იმდენია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მანქანის მომსახურება ჯდება. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას თუ მივაღწევთ, და ეს არ იყო მოწყალების გაღება მათი (ქართული ოცნების) მხრიდან, იყო დიდი უკმაყოფილება დიპლომატიური კორპუსიდან, იყო არასამთავრობო სექტორის დასკვნა, იყო აშკარად უსამართლო რაღაც, რომელსაც ხედავს მედია და მთელი ქვეყანა. მომენტალურად როცა დათმობაზე წავიდნენ, შემდეგ ამას რაღაც სხვა კუდებს აბამთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მოსამართლეებისთვის მიცემული ხმები, კლანის გაძლიერებისთვის გაკეთებული ეს საქმეები, სჯობს, ფრაქციაში გაარკვიოთ, ჩვენ კიდევ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას და დღეიდან ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევში, თუ კვლავ რაღაც ფინანსებზე არ მალაპარაკებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ტაბუს ვადებ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. ცვლილებებს ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში განმარტავენ, რომ, კანონმდებლობით, საარჩევნო ბლოკით გასულ წევრებს თუ ისინი დატოვებდნენ ფრაქციას, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ იმავე დაფინანსებით, რაც აქვს ფრაქციას. „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ცვლილებები ახალისებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას ცოტა ხნის წინ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.