რომან გოცირიძე - კეზერაშვილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ მონაწილეობს პარტიულ ცხოვრებაში და მას ვერავინ შეედავება, რომ არის ოლიგარქი
რომან გოცირიძე - კეზერაშვილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ მონაწილეობს პარტიულ ცხოვრებაში და მას ვერავინ შეედავება, რომ არის ოლიგარქი

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით, დავით კეზერაშვილმა დახმარებაში იგულისხმა მხოლოდ მედია და არა – პოლიტიკური პარტიები.

გოცირიძის თქმით, დავით კეზერაშვილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობს პარტიულ ცხოვრებაში.

„არ ვიცი, დახმარებაში რა იგულისხმება. შეიძლება, იგულისხმა, რომ ის ინვესტიციებს დებს მედიაში, „ფორმულაში“. დახმარებაა, როდესაც, ფაქტობრივად, ყველა ტელევიზია გაკოტრების პირასაა, თუნდაც ერთს მეტ-ნაკლებად უჭერს ფინანსურად მხარს. თუკი რაიმე ეჭვებია, ხელისუფლებას აქვს ინსტრუმენტები, აგერ აუდიტის სამსახური, რომელიც პარტიების დაფინანსებას იკვლევს და მანამდე უნდა სცოდნოდათ. არ არის სწორი ცილისწამება. მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობს პარტიულ ცხოვრებაში და მას ვერავინ შეედავება, რომ არის ოლიგარქი. თურმე ბიძინა ივანიშვილი თუთიყუშების მბრძანებელია და ის ოლიგარქი ყოფილა, სასაცილოა ეს“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.