რომან გოცირიძე - კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატებას, ეს კეთდებოდა, რომ ფინანსურ სისტემაში კლანი ჩაბეტონებულიყო
რომან გოცირიძე - კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატებას, ეს კეთდებოდა, რომ ფინანსურ სისტემაში კლანი ჩაბეტონებულიყო

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში დაძლიოს ვეტო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით. ეს ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებითი, მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას. ეს, ფაქტობრივად, იმიტომ კეთდებოდა, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის ახლა სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, „სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.“

„ერთი კვირაც არ გასულა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ სალომე ზურაბიშვილის თავდასხმას, მის კრიტიკას და, ფაქტობრივად, პრეზიდენტობის ბოლო ვადამდე აცხადებდნენ მორატორიუმს. სინამდვილეში, მათ ეშინოდათ, რომ ევროპარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილიყო ისეთივე კრიტიკული, როგორიც აქ 26 მაისს იყო და ასევე ეშინოდათ, რომ არ შეეწყალებინა ნიკა გვარამია.

როგორც კი ეს პროცესი მორჩა, მათი თვალთმაქცობა გამოჩნდა რამდენიმე დღეში და აგერ, მორიგი თავდასხმა სალომე ზურაბიშვილზე და კვლავ მათი ცნობილი ლანძღვა და აუგად მოხსენიება“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, კანონის მთავარი მიზანი არის, რომ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლასი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

„მთავარი მიზანი არის, რომ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლასი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში დაიძლიოს ვეტო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა ეროვნული ბანკის კანონთან დაკავშირებით. ეს ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებითი მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას. ფაქტობრივად, იმიტომ კეთდებოდა ეს, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის ახლა სასამართლო სისტემაში. მათ უნდოდათ, შეევსოთ ეროვნული ბანკის საბჭო მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც გამოცდილი იყვნენ უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობით და რომლებიც იყვნენ დაკავშირებული „ქართული ოცნების“ მმართველობასთან, ფაქტობრივად, ექნებოდათ გაცილებით მეტი პოლიტიკური გავლენა ეროვნულ ბანკზე, ვიდრე მათ ჰქონდათ დღემდე. თუმცა, დღემდე ეროვნული ბანკი რომ თავისუფალი არ არის, ესეც ნათელია.

ვეტო დაედო იმის გამო, რომ, ფაქტობრივად, უქმდებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს როლი, ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოს ცხრა წევრიდან თუ იქნებოდა ხუთი აღმასრულებელი წევრი, ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პლუს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი კარგავდა ფუნქციებს, ვინაიდან ოთხ არააღმასრულებელ წევრს არავითარი გავლენა არ ექნებოდა რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში. მეორეც, შემოდის ახალი პოსტი ვიცე-პრეზიდენტისა, ეს იმის გამო კეთდებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი უთხრა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე და მათ უნდოდათ, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილს დაიყოლიებდნენ ან ვიდრე სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა პრეზიდენტი, დეკემბრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლს ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, ამის შემდეგ ერთ-ერთი მათთვის სასურველი საბჭოს წევრი გამხდარიყო ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შემდგომ ადგილს შეუნახავდა ლაშა ხუციშვილს. ანუ, ან რაღაცნაირად მოარჯულებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ან ბოლოს და ბოლოს იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი პოსტს არ დატოვებდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამავე დროს მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ორი კანდიდატი, რომელიც კონსტიტუციით უნდა წარადგინოს სალომე ზურაბიშვილმა ამ პარლამენტში, ფაქტობრივად, იქნება დაწუნებული „ქართული ოცნების“ მიერ.

„ვინც არ უნდა წარადგინოს სალომე ზურაბიშვილმა, „ქართული ოცნება“ მას არ დაამტკიცებს. დაამტკიცებს მხოლოდ იმას, ვინც აწყობს მმართველ კლანს. რა თქმა უნდა, ამას აქვს საერთაშორისო დატვირთვაც და ძალიან უარყოფითი, ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციების შეცვლა, მმართველი ფუნქციების შეცვლა გააკრიტიკა სავალუტო ფონდმა. სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი კი ისეთი ორგანიზაციები არიან, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და ლარის სტაბილურობა წლების განმავლობაში მათზე იყო დამოკიდებული“, – განაცხადა გოცირიძემ.