რომან გოცირიძე - ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად არავინ ჩაგვითვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ სათაურში ეწეროს, მთავარია, რეალურად დამოუკიდებელი უწყების შექმნა
რომან გოცირიძე - ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად არავინ ჩაგვითვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ სათაურში ეწეროს, მთავარია, რეალურად დამოუკიდებელი უწყების შექმნა

ნათლად ჩანს, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი არ იქნება. მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი შეარჩევს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, როცა პრემიერი ნიშნავს ამა თუ იმ თანამდებობის პირს, ის მუდამ აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი და მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იქნება.

„ეს აჩვენა პრაქტიკამ. ჩვენ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც ამ უწყების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მისი ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით დაინიშნება, რაც იმის გარანტია მოგვცემს, რომ ძნელი იქნება მის საქმიანობაში ჩარევა. ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად არავინ ჩაგვითვლის იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სათაურში ეწეროს, რადგან მთავარია არა რაღაცის, არამედ ისეთი უწყების შექმნა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება და რეალურად შეასრულებს ამ ფუნქციას“, – განაცხადა გოცირიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, მმართველი გუნდი დღეს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებებით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.