მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს
მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, მმართველი გუნდი დღეს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებებით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.

„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მეოთხე პუნქტის შესასრულებლად, დღეს მმართველი გუნდი ვაინიცირებთ ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. მოგეხსენებათ, რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა აღნიშნული ცვლილებების პაკეტი. სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა წარმართა გამჭვირვალედ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ყველა რელევანტური აზრის მოსმენისა და ანალიზის შედეგად, წარმოდგენილია შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებები:

შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.

ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.

ამ მიზნით აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანდო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, შემოთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფიული ბიუროს უფროსს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას.

მისივე ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.