რომან გოცირიძე - ბიუროკრატიული ნიშნით პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება უნდა შეწყდეს
რომან გოცირიძე - ბიუროკრატიული ნიშნით პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება უნდა შეწყდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია არის ძალიან ძვირადღირებული ორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტისთვის კიდევ უფრო მეტი ხარჯი იქნება. მისი თქმით, ახალი ფრაქციის შექმნა გულისხმობს დამატებით ფართს, ავტომობილებს, მივლინებებსა და სხვა ხარჯებს.

„პარლამენტში უნდა იყოს მხოლოდ სამი ფრაქცია. რეგლამენტიც უწყობს აი ამ ფრაქციულ დაქუცმაცებას ხელს. ახლა არაფრის გამო იქმნება ეს ორი ფრაქცია, შეიძლება ვუწოდოთ გაბუტულ-განაწყენებულთა ფრაქცია. ვისაც რაღაცა არ მოეწონება, გაიბუტება, ადგება და შექმნის ფრაქციას, აქ ფორმალური ნიშანიც კი არ არის დაცული. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის რთული მდგომარეობა, ერთმანეთი ბევრ ჯგუფს არ უყვარს, ისინი თავს არ თვლიან „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებად, მაგრამ სამაგიეროდ უყვართ ივანიშვილი და მესიჯი იქნება ასეთი, რომ ესენი არიან ცუდები და ივანიშვილი არის კარგი, ჩვენ ვართ ივანიშვილის ერთგული და არა „ოცნების“ ერთგული.

ჩვენი რეგლამენტი ფორმალურად უმრავლესობისთვის 20 ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. 20 ფრაქცია, ეს არის 40 ავტომობილი თავისი მძღოლით, საწვავითა და ა.შ. უნდა შეწყდეს ამ ბიუროკრატიული ნიშნით პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება და ეს ფრაქციობანა ძალიან მძიმედ აწვება ბიუჯეტს”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ფრაქცია შეიქმნება. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.