რომან გოცირიძე - აზერ სულეიმანოვი მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითარების გარკვევა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ აზერ სულეიმანოვმა არ იცის, რა ხდება და რატომ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, – მის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მარნეულში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო წერილი, რომ მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, ტელეფონით ესაუბრა.
„აზერ სულეიმანოვმა მითხრა, რომ მან არ იცის, რა ხდება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დეპუტატის წინააღმდეგ. შემთხვევა იყო შემდეგი, ეს ახალგაზრდა, რომელსაც მართლაც მოექცნენ საშინლად, თურმე ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი და თქვენი აქტივისტი, რომელიც გამოვიდა მიტინგზე, შემდეგ მოხდა ამ ახალგაზრდის დაბარება შეიხის, აზერ სულეიმანოვისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მიერ. აზერ სულეიმანოვი მათ სასულიერო ლიდერთან ერთად მონაწილეობდა ამ ახალგაზრდობასთან საუბარში. სულეიმანოვი იცნობს ამ ბიჭს, ექვსი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლი იყო. კითხვა იყო ერთადერთი, რატომ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და რატომ აკეთებ განცხადებებს. ამისთვის შეიხი დაბარებულია პროკურატურაში, ახლა იმყოფება რუსთავის პროკურატურაში. აზერ სულეიმანოვი არის გაკვირვებული, ამისთვის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ იგი არის ბრალდებული, უნდა გამოიძიოთ ყველაფერი, რა მოხდა, რატომ იყო ეს ყველაფერი პროვოკაცია და რა შუაში იყო აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითარების გარკვევა და იყო თუ არა ეს პროვოკაცია თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს მითხრა ახლა აზერმა ტელეფონით. ამას ჩვენ გავარკვევთ და არავის არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნოთ და გამოიგონოთ ახალ-ახალი იურიდიული ტერმინები, როგორიც არის განრიდება, თუ არიდება და ა.შ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო წერილი, რომ მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები.